პორტფოლიო
პორტფოლიო არის მასწავლებლის ან მოსწავლის ნამუშევრების კრებული. პორტფოლიოს შეფასების დროს მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი მოსწავლეს სთხოვს, ამოირჩიოს თავისი ნამუშევრებიდან საუკეთესო და ხდება ამ ნამუშევრების განხილვა. პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო და საკლასო დავალებებს, ჯგუფური პროექტების ანგარიშებს და ა.შ. პორტფოლიოს დანიშნულებაა, რომ მოსწავლემ თავად შეაფასოს თავისი ნაშრომები და გააცნობიეროს, თუ რა შეცდომები დაუშვა და როგორ შეიძლება მომავალში ამ შეცდომების აცილება. მასწავლებლის პორტფოლიო შეიცავს მასწავლებლის ნამუშევრებს: აქტივობების ნიმუშებს, დავალებებისთვის განკუთვნილ ცხრილებს და ა. შ.
საგანმანათლებლო ტერმინების ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის I ნაწილი,
ეროვნულის სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი,
თბილისი, 2007
რა არის მასწავლებლის პორტფოლიო?
მასწავლებლის პორტფოლიო
არის მისი პედაგოგიური და პიროვნული მიღწევების აღწერა დროის გარკვეულ პერიოდში. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, პორტფოლიო არის იმ თვალსაჩინო მასალის კრებული, რომელიც პედაგოგის პროფესიული
საქმიანობის ხარისხის ზრდას უჩვენებს; იგულისხმება სწავლების სტილი, პროფესიული კომპეტენცია
(ცოდნა და უნარები). პორტფოლიო ინდივიდუალური დოკუმენტია. როგორც წესი, ის გარკვეულ
პერიოდს მოიცავს.
რისთვის გვჭირდება
პორტფოლიო?
პორტფოლიოს ორი ძირითადი
დანიშნულება აქვს:
1. მასწავლებელი
აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე და გარკვეულ ფორმატში აყალიბებს
შესაბამის ინფორმაციას. ამ კუთხით, პორტფოლიო პედაგოგიური რეფლექსიის ინსტრუმენტია.
2. დაინტერესებული
მკითხველი მკაფიო წარმოდგენას იქმნის მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა და პროფესიული
განვითარების შესახებ. ამ კუთხით, პორტფოლიო მასწავლებლის საქმიანობის ადეკვატური შეფასების
ინსტრუმენტია.
როგორ ვაწარმოოთ
მასწავლებლის პორტფოლიო?
პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი
პროცესია. რაც უფრო ორიგინალურია პორტფოლიო, მით უკეთესი. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე
ფორმალურ დოკუმენტს შეიცავს, ის მაინც მრავალფეროვანი და საინტერესო უნდა იყოს.
პორტფოლიოს
დამოუკიდებლად წარმოება გამოუცდელი სპეციალისტისათვის ადვილი არ არის. ამიტომ შესაძლოა
გამოცდილმა კოლეგამ, ეფექტური ნიმუშების ჩვენებით, პერიოდული გადახედვითა და მიზნობრივი
რეკომენდაციებით, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მასწავლებელს. პორტფოლიოს შედგენის
საფეხურები მასწავლებლისათვის:
საფეხური 1. აიღეთ საქაღალდე, რომელიც ამიერიდან
თქვენი პორტფოლიოს ფუნქციას შეასრულებს.
საფეხური 2. დაფიქრდით ოთხ შეკითხვაზე (სასურველია, პასუხები ჩამოწეროთ):
ა) ვინ გაეცნობა ჩემს
პორტფოლიოს?
ბ) რა აინტერესებს ჩემი
საქმიანობის შესახებ ჩემი პორტფოლიოს პოტენციურ მკითხველს?
გ) რისი თქმა მსურს ჩემი
საქმიანობის შესახებ მკითხველისათვის?
დ) რა ფორმით შეიძლება ჩემი საქმიანობის პოზიტიური
მხარეების ჩვენება პორტფოლიოში?
საფეხური 3. გადახედეთ მასწავლებლის სტანდარტის
დოკუმენტს. დაფიქრდით და მონიშნეთ მუხლები, რომლებსაც განსაკუთრებული ხარისხით/წარმატებით
ასრულებთ, ან იმაზე გაცილებით უკეთ, ვიდრე ადრე ასრულებდით.
საფეხური 4. მოიფიქრეთ, რა თვალსაჩინო მასალითაა
შესაძლებელი თქვენი საქმიანობის ეფექტიანობის ან სრულყოფის ჩვენება. გადახედეთ პორტფოლიოში
შესატანი დოკუმენტების/თვალსაჩინოებების ნუსხას. გადაწყვიტეთ, რა მასალას შეიტანთ პორტფოლიოში
და რა თანმიმდევრობით.
საფეხური 5. დაიწყეთ მასალის მოგროვება. თითოეულ
დოკუმენტს დაურთეთ მოკლე, ფორმალური აღწერა, მაგალითად: “გაკვეთილის გეგმა”, “მოსწავლის
ნამუშევარი”, “პედაგოგიური ესე” და სხვ.
საფეხური 6. პორტფოლიოს შევსების შემდეგ გააკეთეთ
სარჩევი, რომელიც მკითხველს მასალაში ნავიგაციას გაუადვილებს. ჩადეთ სარჩევი პორტფოლიოს
დასაწყისში.
საფეხური 7.
თუ პორტფოლიო კარგი გამოვიდა, გაუკეთეთ თქვენს თავს დამსახურებული საჩუქარი.
საფეხური 8. მოემზადეთ თქვენს პორტფოლიოზე საუბრისათვის. ხშირად, მასწავლებლის
საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით, ინდივიდუალიზებული გასაუბრებები პორტფოლიოს მოშველიებით
იმართება.
საფეხური 9. შეატყობინეთ დაინტერესებულ პირებს, რომ თქვენ დაასრულეთ პორტფოლიოს
წარმოება და მზად ხართ მისი პრეზენტაციისათვის.
სამართლებრივი და ეთიკური ნორმები და ინფორმაციული
ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სფეროში, რადგან ეს მომავალი თაობის აღზრდასთან არის დაკავშირებული.
კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით სამუშაოს მნიშვნელოვნად
გამარტივება და მრავალი პრობლემის გადაჭრაა
შესაძლებელი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის
გამოც, ამა თუ იმ მიზნით, ხშირად ხდება მათი არალეგალური კოპირება, გავრცელება და გამოყენება.
ამ საკითხის შესახებ, სასურველია, ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე ფაქტს:
1. პროგრამული
უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება კანონის დარღვევაა. კანონები საავტორო უფლებების შესახებ იცავს როგორც
პროგრამული უზრუნველყოფის ავტორს, ასევე მის მფლობელს, ისევე, როგორც საპატენტო უფლება
იცავს გამომგონებელს.
2. გარდა
კანონდარღვევისა, პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება ზიანს აყენებს საზოგადოებას,
რადგან ხელს უწყობს მორალური და იურიდიული ნორმების დარღვევის დამკვიდრებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო
სფეროში.
პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება ზიანს აყენებს
მის შემქმნელს, რადგან ხელს უშლის მას, მიიღოს სათანადო ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსათვის.
ის ხელს უშლის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას და შემდგომ გაუმჯობესებას, რადგან
მის შემქმნელს მოტივაციას უკარგავს. გარდა
ამისა, ეს პროგრამული უზრუნველყოფის ფასის გაზრდასაც იწვევს. რადგან პროგრამული უზრუნველყოფა ადვილად ემორჩილება ცვლილებას
და მისი რეპროდუცირება ძალიან მარტივია, ამ სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
სხვისი შრომის პატივისცემას. ამის გამო, საჭიროა,
ყველანაირად შევეცადოთ, რომ არ მოვახდინოთ პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა ბაზების,
ელექტრონული ტექსტების, პროგრამული კოდის, ციფრული აუდიო და ვიდეო მასალის არალეგელური
კოპირება. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ საკითხებს:
1. პროგრამული
უზრუნველყოფა და ციფრული მასალა დაცულია საავტორო უფლებებით, მიუხედავად იმისა, არის
თუ არა ეს ცხადად მითითებული შესაბამის დოკუმენტაციაში. აქედან გამომდინარე, მასალის
კოპირება კანონის დარღვევაა, თუ ეს არ არის ნებადართული პროდუქციის ავტორის ან/და მისი
გამომცემლის მიერ. ამასთანავე, კანონდარღვევაა
არალეგალური ასლის გამოყენებაც, თუნდაც ეს ასლი სხვა პირის მიერ იყოს დამზადებული.
2. თუ
ციფრული მასალა არ არის დაცული კოპირებისაგან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მისი კოპირების
უფლება გვაქვს გავრცელების ან/და გაყიდვის მიზნით. როდესაც მწარმოებელი ან ავტორი უფლებას
გვაძლევს, შევიძინოთ „დაუცველი“ პროდუქცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გვენდობა, როგორც
მომხმარებელს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი გვანიჭებს იმის უფლებას, რომ
დავამზადოთ პროდუქციის ასლი მხოლოდ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე (ორიგინალის დაზიანების შემთხვევაში).
3. როდესაც
ციფრულ მასალას თან ახლავს სალიცენზიო ხელშეკრულება, საჭიროა, ყურადღებით გავეცნოთ
მას. სალიცენზიო ხელშეკრულება, ხშირ შემთხვევაში,
არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა გამოვიყენოთ რამდენიმე კომპიუტერზე
ერთდროულად, დავამზადოთ მასალის ასლი. თუმცა
როდესაც ეს არ არის ცხადად აკრძალული სალიცენზიო ხელშეკრულებაში, შესაძლებელია მასალა
სხვამ გამოიყენოს, მხოლოდ მისი კოპირების გარეშე (მაგალითად, ჩვენს კომპიუტერზე).
4. იმ
შემთხვევაში, თუ აღარ ვიყენებთ ციფრულ მასალას და ეს არ არის აკრძალული სალიცენზიო
ხელშეკრულებით, ჩვენ შეგვიძლია ეს მასალა სხვას გადავცეთ. ამ დროს სალიცენზიო შეთანხმება ავტომატურად გადადის
ახალ მფლობელზე.
გარდა მესაკუთრული (Proprietary) სახის სალიცენზიო ხელშეკრულებებისა,
რომლებიც მომხმარებელს აძლევს მხოლოდ პროდუქციის გამოყენების უფლებას და უკრძალავს
მის გავრცელებას და მოდიფიკაციას, არსებობს სალიცენზიო ხელშეკრულებების ისეთი სახეები,
როდესაც მომხმარებელს აქვს მისი კოპირების, გავრცელების და თვით მოდიფიკაციის უფლებაც
კი. ასეთი სახის ლიცენზიები აქვს, მაგალითად,
უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას (free software license) და ღია კოდით გავრცელებულ პროგრამულ
უზრუნველყოფას ( GNU General Public License).
გარდა იურიდიული ნორმებისა, რომლებზეც ვსაუბრობდით, არსებობს
მორალური და ეთიკური ნორმები, რომელთა დაცვა აუცილებელია ციფრული მასალის გამოყენების
დროს. თუმცა შევნიშნავთ, რომ ეს მჭიდროდაა დაკავშირებული იურიდიული
ნორმების დაცვასთან.
მიუხედავად იმისა, არის თუ არა ციფრული მასალა დაცული საავტორო
უფლებით და ახლავს თუ არა მას სალიცენზიო ხელშეკრულება, მისი გამოყენების შემთხვევაში,
აუცილებელია ავტორის ან/და წყაროს მითითება (მაგალითად, ვიდეო/აუდიომასალის ავტორის).
მასალის მოდიფიკაციის შემთხვევაში, ასევე, მიზანშეწონილია პირველწყაროს და მისი ავტორის
მითითება. თუმცა ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის. მაგალითად, ვებ-გვერდების დამზადებისას ძალიან გავრცელებულია
მზა შაბლონების გამოყენება. ამ შემთხვევაში,
არ არის აუცილებელი პირველწყაროს მითითება, თუ ამას საგანგებოდ არ ითხოვს შაბლონის
ავტორი ან მფლობელი. ანალოგიური ვითარებაა
ამა თუ იმ ფასიანი თუ უფასო ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში. ასეთი ინსტრუმენტით შექმნილი ციფრული მასალა შეიძლება
გავრცელდეს ინსტრუმენტის მითითების გარეშე, თუ ამას საგანგებოდ არ ითხოვს შესაბამისი
სალიცენზიო ხელშეკრულება.
და ბოლოს, შევნიშნავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას არ ირღვეოდეს ადამიანის უფლებები:
• საკუთარი
აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება;
• ინფორმაციის
საყოველთაო მისაწვდომობა, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციის, რომე-ლიც საზოგადოების
კუთვნილებაა;
• განათლების
უფლება;
• პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობა;
• კულტურულ
ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.
რადგან ისტ-ის ხელმისაწვდომობა თავისუფალი გამოქვეყნების
საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
• არაეთიკური
შინაარსის ფოტო, ვიდეო, აუდიო ან ტექსტური მასალის გავრცელება ან გამო-ყენება;
• პიროვნების
სურათის გამოქვეყნების შემთხვევაში, მასზე ასახული ადამიანის (მცირეწლო-ვანის შემთხვევაში,
მშობლის ან მეურვის) ნებართვა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, სასურველია, პედაგოგი იცნობდეს
საკანონმდებლო ბაზას და მოსწავლეებსაც გააცნოს ის.
Комментарии
Отправить комментарий