К основному контенту

დღე მეორე

მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების
ბარათების მიმოხილვა
მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები
საშინაო დავალების მიმოხილვა
(D-GP-IP): გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება
ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით
აქტიური ლექცია: ფაილის ტიპები (.pdf, .jpg, .gif, .mp3, .avi, .mov, .ppt)
ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა
(D-GP-IP): სასწავლო მასალის მომზადება ტექსტურ რედაქტორში

ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა მოსწავლის მიერ კომპიუტერზე დავალების შესრულების პროცესი, სწავლაზე ფოკუსირების ნაცვლად, არამიზნობრივ თამაშში არ გადაიზარდოს. ტექნოლოგიებით გამდიდრებული აქტივობა იმ იდეებსა და ცნებებს უნდა ეყრდნობოდეს, რომელთა შესწავლასაც თქვენი გეგმა ითვალისწინებს. ტექნოლოგიები ცოდნის შეძენის, ორგანიზების, შეფასების არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია.
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დასაგეგმად, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ:
გაკვეთილის დაგეგმვისას - შეარჩიეთ კომპიუტერული პროგრამა (საოფისე, მულტიმედია და ა.შ.), რომელიც ხელს შეუწყობს (და არ შეაფერხებს) სწავლებას საკლასო ოთახში. გაითვალისწინეთ, ხელმისაწვდომია თუ არა კომპიუტერული პროგრამა მოსწავლეებისათვის, რათა მათ შეძლონ ფაქტების მოგროვება, ინფორმაციის/წყაროს შეფასება და ორგანიზება, ცოდნის გამოყენება. ტექნოლოგიის დაკავშირება გაკვეთილთან - განსაზღვრეთ, რა როლს ითამაშებს ტექნოლოგიები გაკვეთილზე? მაგალითად, ახალი თემის გასაცნობად ციფრულ ლიტერატურას გამოიყენებთ თუ ცნების რუკას? კონკრეტული თემის ირგვლივ ინფორმაციის მოძიებას მოსწავლეებს ჯგუფებში დაავალებთ, ელექტრონული ენციკლოპედიის გამოყენებით, თუ სიმულაციებს ამჯობინებთ, საგნობრივი ჯგუფის მიხედვით? მოსწავლეები ტექსტურ რედაქტორს გამოიყენებენ დავალების შესასრულებლად თუ საპრეზენტაციო პროგრამას? ახალი მასალის ასახსნელად, საპრეზენტაციო პროგრამას გამოიყენებთ? და სხვ.
მასალები და რესურსები - განსაზღვრეთ: რა სასწავლო მასალები გჭირდებათ გაკვეთილის ჩასატარებლად? რა ტექნოლოგიური რესურსია ხელმისაწვდომი გაკვეთილის განსახორციელებლად? რა აღჭურვილობაა საჭირო დამატებით? დრო საკმარისია მთელი კლასისთვის პროექტის/დავალების დასასრულებლად? არის სკოლაში სპეციალისტი, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია ტექნოლოგიებთან მუშაობისას? საჭიროა თუ არა ”ინსტრუქციის” შედგენა მოსწავლეებისთვის (იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ კომპიუტერული პროგრამა)?
დამატებით კითხვები: როგორ დააჯგუფებთ მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად კომპიუტერთან? საჭირო ხომ არ არის რამე ტექნოლოგიური უნარ-ჩვევის შეძენა ქვენთვის და მოსწავლეებისთვის აქტივობის განხორციელებამდე? მწყობრშია თუ არა ის ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებასაც გაკვეთილზე აპირებთ?
და რაც ყველაზე მთავარია: გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილია, თუ მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენების მიზანს ემსახურება?

ელექტრონული ინფორმაციის გამოყენება საიტიდან
თქვენ მიერ მოძიებული მასალები, შეგიძლიათ, შეამოწმოთ სხვადასხვა ინდიკატორით, მაგალითად, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით

შინაარსი

კითხვები
დიახ/არა
1.
ამომწურავია თუ არა საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია და გაშუქებულია თუ არა სხვადასხვა კუთხით?

2.
გადმოცემულია თუ არა ინფორმაცია ზუსტად და გასაგებად?

3.
რამდენად გასაგებ ენაზეა წარმოდგენილი ინფორმაცია? ტერმინოლოგია მარტივია?

4.
არის თუ არა ვებ-გვერდზე ბმულები სხვა საიტებთან და მუშაობს თუ არა ისინი?

5.
შეიძლება თუ არა,  ვიმსჯელოთ, როდის არის შექმნილი და განთავსებული ინფორმაცია და ხდება თუ არა მისი განახლება? შეესაბამება თუ არა ბოლო განახლების თარიღი თქვენთვის საჭირო თემას?


გამოგადგებათ ეს გვერდი თქვენთვის საჭირო მასალის მომზადებისთვის?


ავტორი/ავტორები

კითხვები
დიახ/არა
1.
შესაძლებელია საიტისა და საიტზე განთავსებული ტექსტების ავტორების შესახებ ინფორმაციის დადგენა (მაგალითად, მათი ბმულების მუშაობის მიხედვით)?

2.
ჰყავს თუ არა საიტს კვალიფიციური ავტორები?

3.
ათავსებენ ავტორები სხვა წყაროებს? დაცულია თუ არა განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები?

4.
ვებ-გვერდის  აქვს  დაბოლოება .com, .gov, .edu, .net?

5.
იყენებენ სხვა ადამიანები აღნიშნულ საიტს ინფორმაციის მოსაპოვებლად (google ან სხვა საძიებო სისტემა) და დადებითად აფასებენ თუ არა ისინი აღნიშნულ საიტს (იხ. კომენტარები)?


ჩართავდით ამ გვერდს თქვენთვის საჭირო ინფორმაციის წყაროებში?


ობიექტურობა

კითხვები
დიახ/არა
1.
ჩანს, რატომ შეიქმნა მოცემული საიტი (საზოგადოების ინფორმირებისათვის, რეკლამისთვის, იდეების გენერირებისათვის და სხვა)?

2.
ეს არის სახელმწიფო, კომერციული, კერძო, ან ადამიანთა ჯგუფის ვებ-გვერდი?

3.
საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის მრავალმხრივი და გამოხატავს სხვადასხვა ადამიანის მოსაზრებას?

4.
შესაძლებელია საიტზე მოცემული ფაქტების განსხვავება ავტორის მოსაზრებისგან (ფაქტები წარმოადგენს კონკრეტულ პასუხს კითხვებზე: რა? სად? როდის?  ვინ?)

5.
საკითხთან დაკავშირებით სხვა ადამიანების ინტერესები გათვალისწინებულია? მაგალითად, არის ბმული საწინააღმდეგო აზრის სტატიებზე?


თვლით                ამ            გვერდს                 ობიექტურად     თქვენთვის                 საჭირო ინფორმაციის არგუმენტირებისათვის?


დიზაინი და ნავიგაცია

კითხვები
დიახ/არა
1.
ადვილად იხსნება ვებ-გვერდი და მენიუ? 

2.
ყველა ღილაკი და ბმული მუშაობს ვებ-გვერდზე?

3.
შენიშნეთ გრამატიკული შეცდომები ვებ-გვერდზე?

4.
პასუხობს ყველა გვერდის დიზაინი და შინაარსი მთავარ გვერდს?

5.
ავსებს ვებ-გვერდის შინაარსს განთავსებული ფოტომასალა?


ჩართავდით  ამ გვერდს  თქვენთვის საჭირო ინფორმაციის გამდიდრებისთვის?


თუ ამ სქემის მარჯვენა სვეტებში ბევრი ”არა” დაგროვდა, საიტის ხარისხსა და შინაარსზე დაფიქრება გმართებთ. შესაძლოა, საიტის გამომქვეყნებელი ყურადღებას არ აქცევს ინფორმაციის გამოქვეყნების დროს გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან ასპექტებს. ასეთ შემთხვევაში, სჯობს, სხვა წყაროებს მიმართოთ.

გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
საიდან დავიწყოთ და როგორ წარვმართოთ ჩასატარებელი გაკვეთილის ან თემატური ერთეულის მომზადება?
განსაზღვრეთ გაკვეთილის (ან თემატური ერთეულის) მთავარი თემა. უპასუხეთ შეკითხვას: რას ვასწავლი?
როგორ განვსაზღვროთ გაკვეთილის ან თემატური ერთეულის თემა? გაკვეთილის მთავარი თემა შეიძლება განვსაზღვროთ:
1.  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებულიშინაარსის მიხედვით;
2.  სახელმძღვანელოს ან სხვა სასწავლო მასალის მიხედვით;3. სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით.
ნებისმიერ შემთხვევაში, შერჩეული თემის დამუშავება უნდა დაეხმაროს ყველა მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი შედეგების მიღწევაში.  არ არის აუცილებელი, რომ თითოეული გაკვეთილი (ან თემატური ერთეული) ერთდროულად ყველა შედეგის მიღწევას ემსახურებოდეს.
სჯობს, გაკვეთილის თემა შეკითხვის სახით ჩამოვაყალიბოთ. შეკითხვის დასმა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს.
მაგალითად: თემა “მდინარე ამაზონი” შეიძლება ამგვარი შეკითხვით წარვადგინოთ: “რა გავლენა აქვს ამაზონის მდინარეს მისი ნაპირების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე?”
განსაზღვრეთ გაკვეთილის (ან თემატური ერთეულის) მნიშვნელობა/აქტუალობა. რით არის ეს გაკვეთილი აქტუალური? როგორ შეუწყობს ის ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? როგორ დაეხმარება მათ წინარე ცოდნის გამოყენებაში? მომდევნო საკითხებზე გადასვლაში? ცოდნის ინტეგრირებაში?
განსაზღვრეთ გაკვეთილის (ან თემატური ერთეულის) მიზნები და შედეგები. რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები?
რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში გაიწაფებიან ისინი? რა დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ მათ?
ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს გაკვეთილი (ან თემატური ერთეული)?
ჩამოწერეთ ის შედეგები, რომელთა მიღწევასაც ითვალისწინებს გაკვეთილი (ან თემატური ერთეული). აუცილებლად განსაზღვრეთ, თუ რა ფორმით გამოვლინდება მიღწეული შედეგები. ეს დიდ დახმარებას გაგიწევთ მოსწავლეთა შეფასებაში.
კარგად ჩამოყალიბებული ამოცანის მაგალითია: `მოსწავლეები შეძლებენ, განასხვავონ მდინარე ამაზონის გავლენა მისი სხვადასხვა მონაკვეთის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ყოფაზე~.
თუ ამ გაკვეთილს (თემატურ ერთეულს) ეფექტიანად ჩაატარებთ, მოსწავლეები აუცილებლად წინ წაიწევენ, სულ მცირე, ისეთი შედეგების მიღწევისაკენ, როგორიცაა:
გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად. გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში. გეო.VII.12. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლებისა და განსახლების თავისებურებების დახასიათება.
ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და  გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე. ისტ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია  ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.
გარდა ამისა, მრავალფეროვანი აქტივობების, სასწავლო სტრატეგიებისა და დავალებების შეთავაზებით, ნებისმიერი თემატური ერთეულის ფარგლებში, შეგიძლიათ როგორც სპეციფიკური და ზოგადი უნარების, ისე მაღალზნეობრივი ღირებულებების გამომუშავება მოსწავლეებში.
განსაზღვრეთ გაკვეთილის (ან თემატური ერთეულის) ძირითადი თემატური ელემენტები. მაგალითად:
-      მდინარე ამაზონის გეოგრაფიული დახასიათება;
-      ამაზონის უნიკალური ფლორა და ფაუნა;
-      მდინარე ამაზონის დასახლებები: ისტორია და დღევანდელობა; - ამაზონის ტყეები და გლობალური ეკოლოგიური საფრთხე.
წინასწარი ცოდნა რა იციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ?
გაიაზრეთ ის ინფორმაცია და უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა შედეგების მისაღწევად. დაგეგმეთ მოსწავლეთა დაინტერესებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების სტრატეგია.
განსაზღვრეთ შეფასების საგანი და პროცედურები როგორ დავადგენ მოსწავლეთა წარმატებას?
რა იქნება დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას (ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ.)? რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მოსწავლეები?
შექმენით მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა. განსაზღვრეთ, რა შემთხვევაში მიანიჭებთ მოსწავლის ნამუშევარს D (დაბალ), C (საშუალო), B (კარგ) ან A (საუკეთესო) ქულას. წინასწარ, ანუ სასწავლო დავალებების/ინსტრუქციების მიცემამდე გააცანით რუბრიკა მოსწავლეებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
რა მასალაა საჭირო? რომელი წიგნებით ვისარგებლოთ? რამდენად შეესაბამება შერჩეული ტექსტები მოსწავლეთა კითხვის უნარებს?
ხომ არ შემიძლია საკითხის დამუშავებაში აუდიო ან ვიდეომასალის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება? როგორ? განსაზღვრეთ ტექსტები, თვალსაჩინოებები და სხვა რესურსები.
ეფექტიანი  აქტივობები და სტრატეგიები, გაკვეთილის მსვლელობა რა პედაგოგიური ცოდნა დამჭირდება? როგორ მოვახერხებ მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, თემაზე ფოკუსირებასა და წინარე ცოდნის გააქტიურებას? როგორ მოვახერხებ მათთვის ცოდნის კონსტრუირების გაიოლებას? როგორ მოვახერხებ ნასწავლის გაერთიანებასა და განმტკიცებას?
დაწერეთ გაკვეთილის მსვლელობის გეგმა, რომელიც კომპაქტურად და ნათლად წარმოადგენს პროცესის მიმდინარეობასა და რესურსებს ABC საფეხურების მიხედვით (შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ მოცემული სქემა). 
დიფერენცირებული სწავლება როგორ გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს?

გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თვითშეფასების ფორმა.

თვითშეფასება
გაკვეთილის შედეგები.
მოკლედ უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს:
  • რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგ(ებ)ის მიღწევით ხართ კმაყოფილი?
  • რა გავლენა მოახდინა გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა
- მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?
- მოსწავლეთა პროდუქტულ ინტერაქციაზე?
  • რაზე მეტყველებს მოსწავლეთა ნამუშევრები? რა აითვისეს მათ? უფრო მეტად რომელი უნარების განვითარება ან გავარჯიშება იკვეთება?
  • თქვენ რა გამოგივიდათ ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიით გამოიწვიეთ და ჩართეთ მოსწავლეები გაკვეთილის პროცესში? რა სტრატეგიები გამოიყენეთ ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზებში?
  • როგორ შეიცვალა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში? რატომ?
  • ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში, რას შეცვლიდით? როგორ გააუმჯობესებდით საკლასო გარემოს, სასწავლო აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებას, სასწავლო რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას და სხვ.?



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

დღე პირველი

კურსის მონაწილეთა გაცნობა კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები  აქტიური ლექცია PP (PowerPoint) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები ( გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარ მართვა, შეფასება გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC) D-GP-IP ( დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში) - სწავლა- სწავლების რამდენიმე ეფექტიანი სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით D-GP-IP - ცნების რუკა, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტი ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათ ვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომ პეტე

დღე მეოთხე

ტრენინგდღის გახსნა მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები საშინაო დავალების მიმოხილვა (D-GP-IP): პრეზენტაციის წარმართვა სამოდელო პრეზენტაცია აქტიური ლექცია: პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები პრეზენტაციები ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი პრეზენტაციის შეფასება მსმენელების მიერ/უკუკავშირი აქტიური ლექცია: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში (D-GP-IP): ვირტუალური ლაბორატორიისა და ელექტრონული თამაშის მოძიება  ინტერნეტში; ვირტუალური ლაბორატორიის და ელექტრონული თამაშის გამოყენება სასწავლო პროცესში საგნმანათლებლო რესურსების შესაქმნელი ვებგვერდები; აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში; პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები როდესაც პრეზენტაციას ვამზადებთ, ან მოსწავლეებს ვასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადონ  პრეზენტაცია, შეგვიძლია გამოვიყენოთ სამჯერ თქმის პრინციპი: შესავალში უნდა ვუთხრათ აუდიტორიას, თუ რის თქმას ვაპირებთ; ძირითად ნაწილში უნდა გავშალოთ და ავუხსნათ

დღე მესამე

ტრენინგდღის გახსნა მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები საშინაო დავალების მიმოხილვა დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას? (D-GP-IP): სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში აქტიური ლექცია: რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ინფორმაციის დიზაინი MS PP პროგრამა სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPoint-ში რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია? ნებისმიერი პრეზენტაციის მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. პრეზენტაციას უფრო კონკრე ტული ამოცანებიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გამოწვევა,  პრობლემაზე დაფიქრება, მოვლენებისა თუ მონაცემების განხილვა, პოზიციის ჩამოყალიბება და სხვ.  ადამიანები გაცილებით უკეთ აღიქვამენ და სწავლობენ მაშინ, როცა ინფორმაცია ვიზუალურად არის  გაფორმებული. ტექსტისა და ილუსტრაციის შერწყმა მიმღებს ყურადღების კონცენტრირებასა და ში ნაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება. პრეზენტაციის ჩატა